16.09.2025
11 სექტემბერს, სოფელ ხინოწმინდაში საზეიმოდ აღინიშნა სახალხო დღესასწაული – „ხინოწმინდობა“.
ღონისძიების ფარგლებში წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის სახელობის ტაძარში ჩატარდა წირვა-ლოცვა და აღიმართა ჯვარი.
ტრადიციულად „ხინოწმინდობის” ზეიმზე
ხინოწმინდის უხუცესთა საბჭოსა და წმ. იოანე ნათლისმცემელის სახელობის მონასტრის წარდგინებით დაჯილდოვდნენ „საპატიო ხინოწმინდელები”, ხოლო „მადლობის სიგელები” გადაეცათ იმ პირებს, რომლებმაც ხინოწმინდის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.
სახალხო ზეიმს ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, აჭარის სოფლის მეურნეობისა და კულტურის მინისტრები, ქობულეთის მერობის კანდიდატი, ასევე მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები.
დღესასწაულზე ადგილობრივმა მეწარმეებმა წარმოადგინეს საკუთარი ნაწარმი – ხეობის თაფლი, სანელებლები და სხვა პროდუქტები, რომლებიც დამთვალიერებლებს ადგილზე შეეძლოთ შეეძინათ.
„ხინოწმინდობა“ როგორც სახალხო დღესასწაული 2015 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება და წელსაც კიდევ ერთხელ იქცა ერთიანობის, ტრადიციებისა და ღირებულებების დღესასწაულად.