18.08.2025
ტრადიცია, ხელოვნება და ემოცია ერთ სივრცეში.
14 აგვისტოს ქობულეთის მუზეუმმა უმასპინძლა ღონისძიებას, რომელიც ეძღვნებოდა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა პირველად იხილეს განახლებული ეთნოგრაფიული განყოფილება - რეკონსტრუირებული შუა საუკუნეების ტიპური ქობულეთური ოდა ახალი მანეკენებითა და ტრადიციული კოსტიუმებით, რომლებიც სრულყოფილად წარმოაჩენენ იმ ეპოქის იერსახეს და სტუმრებს საშუალებას აძლევენ გადაინაცვლონ დროში.
სტუმრების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო უძველესი ოსტატობით შესრულებულმა ხალიჩებმა და ფარდაგებმა, რომლებიც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის სილამაზეს და ხელოვნების მაღალ დონეს წარმოაჩენენ.
ღონისძიებას ხიბლი შემატა ქობულეთელი თვითნასწავლი მხატვრის, გალინა გუნთაიშვილის პერსონალურმა გამოფენამ, სადაც თითოეული ტილო ფერებითა და ემოციებით სავსე პატარა, უჩვეულო ისტორიას უამბობდნენ მნახველებს.
უნიკალური ხალიჩების გვერდით წარმოდგენილი იყო გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები – თექის დამუშავების უძველესი წესით შექმნილი თოჯინები, რომელთა ავტორი ჩვენი თანაქალაქელი ხელოვანი მაია გოგალაძეა.
მსგავსი შეხვედრები შესაძლებლობას აძლევს სტუმრებს მოისმინონ მუზეუმის შესახებ საინტერესო ინფორმაცია და ახლოს გაეცნონ აქ დაცულ ფასდაუდებელ ექსპონატებს.
ღონისძიების ბოლოს სტუმრებმა დააგემოვნეს ადგილობრივი სარიტუალო ტკბილეულები, ნუგბართა ნაირსახეობა, რომლებიც გემოსა და ადგილობრივი კულტურის ისტორიას ერთდროულად გადმოსცემდნენ.
მადლობა ყველას, ვინც ეს დღე ჩვენთან ერთად გაატარა!
თქვენთან ერთად ტრადიციას ახალ სიცოცხლეს ვანიჭებთ!
ფოტოალბომში იხილეთ ჩვენი ახალი გამოფენა და ღონისძიების საუკეთესო მომენტები.